რომელ დღეს უნდა მორთოთ ნაძვის ხე და სად უნდა დადგათ, რომ 2025 წელს იღბალი მიიზიდოთ?
რადგან 2025 წელი მწვანე ხის გველის წელია, სასურველია, ნაძვის ხე იყოს ხის, ნატურალური და მასზე მწვანე (მალაქიტისფერი, ზურმუხტისფერი, ზეთისხილისფერი და ხაკისფერი), ხისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი და კრემისფერი ბურთები ჩამოკიდოთ. სპილენძისფერი და ოქროსფერი "წვიმა" დღესასწაულის მთავარ ხეს მეტ ბზინვარებას შემატებს.
ფენ შუის მიხედვით, ადგილს, სადაც ნაძვის ხეს დადგამთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. კართან, გადასასვლელებთან, სინათლის ან ხმის წყაროებთან ახლოს ნაძვის ხე აძლიერებს დადებით ტენდენციებს, რამაც შეიძლება მოიტანოს მოულოდნელი ფინანსური მოგება, ახალი შესაძლებლობები ან შემოქმედებითი შთაგონება.
სხვათა შორის, ფენ შუის თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა რას ჩაიცვამთ 2025 წლის აღსანიშნავად ან რას მოამზადებთ საახალწლო სუფრისთვის. შეზღუდვების გარეშე ჩაიცვით რაც მოგწონთ და მიირთვით რაც გინდათ.
ისევ ნაძვის ხეს მივუბრუნდეთ: იმისათვის, რომ თქვენმა ნაძვის ხემ წარმატება მოგიტანოთ, მოათავსეთ იგი შემდეგ ზონებში:
სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთი - ეს მიმართულებები ხელს შეუწყობს კარიერულ წარმატებას, გავლენიანი ნაცნობების გაჩენას და პირადი მიღწევების გააქტიურებას.
სამხრეთი - აქ ნაძვის ხე გაზრდის სხვების მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს თქვენი კავშირების გაძლიერებას.
თუ ამ სექტორებში ხეს ვერ განათავსებთ, გამოიყენეთ გირლანდები ან სხვა მბზინავი დეკორაციები, რათა გაააქტიუროთ ენერგია სასურველ ადგილებში.
ყველა დანარჩენ სექტორშიც შეგიძლიათ ნაძვის ხე განათავსოთ, მაგრამ სასურველია გირლანდების გარეშე.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაძვის ხის და დეკორის ფერთა სქემაც. არის ადგილები, სადაც უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ნათელ ფერებს, ცივ ან თბილ ფერებს. მაგალითად:
ჩრდილო-დასავლეთში, აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში - ვერცხლისფერი და ოქროსფერი სათამაშოებით მორთეთ.
ჩრდილოეთისთვის, სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთისთვის - წითელი ტონები გამოგადგებათ.
დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ლურჯი და მწვანე ფერის დეკორაციები გამოიყენეთ.
როდის დავდგათ ნაძვის ხე?
ნაძვის ხის მორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ, მაგრამ არსებობს სპეციალური ვადები დადებითი ენერგიების გასაძლიერებლად. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე (19 დეკემბერი). თუ გწამთ კეთილი წმინდა ნიკოლოზის, მაშინ ამ დღეს დადგით ნაძვის ხე. ამგვარად უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებთ წმინდანისგან.
25 დეკემბერს კარგია ნაძვის ხის დადგმა მატერიალური კეთილდღეობის მისაზიდად. დეკორისთვის გამოიყენეთ მბზინავი ოქროსფერი, მწვანე და მეწამული ფერები.
31 დეკემბერი განსაკუთრებული შემთხვევაა. ამ დღეს გველოდება ახალმთვარეობა. თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ ტრანსფორმაციისთვის და არ გეშინიათ სპონტანური გადაწყვეტილებების, წლის ბოლო დღეს ნაძვის ხის მორთვა განახლების მძლავრ რიტუალად იქცევა. ამ დღეს შეგიძლიათ გადაუხვიოთ ყველა წესს და ენდოთ თქვენს ინტუიციას.
ბედნიერ 2025 წელს გისურვებთ!